პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში გაძვირებული წყლის ტარიფი, პურს არ გააძვირებს. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, წყლის გაძვირებას, პურის მწარმოებლებისთვის დენის ფასზე შემცირებული ტარიფი დააკომპენსირებს, ამიტომ პირველადი მოხმარების პროდუქტი ქვეყანაში არ გაძვირდება.
„დღეს საქართველოში ფქვილის მარაგები არის, მუშაობენ ადგილობრივი წისქვილკომბინატებიც და იმპორტირებული ფქვილიც შემოდის, რაც მეწარმეებს პურის არსებული ფასების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
წელს წყლის ტარიფის ზრდასთან ერთად, გავრცელდა ძალიან კარგი ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდება. როდესაც გადავიანგარიშეთ, ეს ერთი მეორეს ძალიან კარგად აბალანსებდა, რადგან ელექტროენერგია ქარხნის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელია. რა თქმა უნდა, წყალი უფრო მომჭირნედ უნდა ვხარჯოთ. წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტებზე [პურზე] არ აისახება და შენარჩუნებული იქნება ის ფასები, რომელიც პურზე გვაქვს“, – განმარტა მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ პურის ფასზე ძირითადად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულება მოქმედებს, აქედან პირველის წილი დაახლოებით 25%-ია, ნედლეულის ფასი კი უფრო მეტია.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ 2022 წელს ნედლეული – ხორბალი და ფქვილი უფრო ძვირი იყო, 2023 წელს კი ფასები შედარებით დასტაბილურდა: „ეს ფასები დღემდე მოგვყვება, შესაბამისად 1 ტომარა ფქვილის ღირებულება დღეს 49-51 ლარია. ამ წლის მოსავლის პროგნოზებსაც ცუდი პირი არ უჩანს, რადგან წლიდან წლამდე საქართველოშიც ხორბლის მოსავლიანობა იმატებს“.
კითხვაზე – რამდენ ხანს შენარჩუნდება პურის არსებული ფასი, მალხაზ დოლიძე პირდაპირ პასუხობს და ამბობს, რომ „ინფლაციური პროცესები მოულოდნელობებითა სავსე და იმის თქმა, რამდენ ხანს შევძლებთ პურის ფასის შენარჩუნებას, რთულია“
ცნობისთვის: სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა – ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ-ით განისაზღვრა, ხოლო ქ რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება პირველი იანვრიდან შევიდა და 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამასთან, საქართველოში პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქსა და რეგიონებში შემცირდა.